The Wall Street Journal - ჩინეთი ირანიდან ნავთობის იმპორტზე უარს ამბობს
The Wall Street Journal - ჩინეთი ირანიდან ნავთობის იმპორტზე უარს ამბობს

ჩინეთი ირანიდან ნავთობის იმპორტზე უარს ამბობს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ჩინური კომპანიები China National Petroleum Corporation-ი და China Petroleum Corporation-ი ოთხი ნოემბრის შემდეგ ირანიდან გაზის იმპორტს შეწყვეტენ.

გავრცელებული ცნობით, ჩინეთის ბანკმა, Kunlun-მა ირანელ კოლეგებს ოპერაციების შეწყვეტის შესახებ უკვე აცნობა.

Kunlun-ი კომპანია China National Petroleum Corporation-ს ეკუთვნის და ირანისგან ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით, ძირითად ტრანზაქციებს აღნიშნული ბანკი ასრულებდა.

ე.წ. ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ახალი სანქციები სწორედ ამ დღეს შედის ძალაში.

რამდენიმე თვის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმება, რომელშიც ირანი, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია არიან ჩართული, ე.წ. ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს.  მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება დატოვა, ირანის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციების პირველი ნაწილი განაახლა. აკრძალვების მეორე სერია კი ძალაში ოთხ ნოემბერს შედის.