წალკაში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
წალკაში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკაში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წალკაში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს გუშინ დაესხნენ თავს. ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.