წალკაში აჭარელმა ეკომიგრამტებმა აქცია გამართეს
წალკაში აჭარელმა ეკომიგრამტებმა აქცია გამართეს

აჭარიდან ჩამოსახლებულმა ეკომიგრამტებმა დღეს წალკის ცენტრში აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე წლებია, სტიქიის გამო აჭარიდან წალკაში ჩამოასახლეს, თუმცა მათი საცხოვრებელი სახლების პრობლემა დღემდე არ გადაწყვეტილა. ეკომიგრანტების თქმით, დღემდე ისინი ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გამოსახლების შიშით ცხოვრობენ. მათივე განმარტებით, სახლების გარდა, არ აქვთ სახნავ-სათესი მიწები.

აქციის მონაწილეები წალკის მერ ილია საბაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. მათი თქმით, წალკაში არსებული ჰექტრობით მიწები მხოლოდ ხუთი კაცის ხელშია, ყოველდღე კი აჭარელები წალკას გაუსაძლისი პირობების გამო ტოვებენ.

აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლებას, შეიქმნას კომისია, რომელიც ეკომიგრანტების პრობლემებს შეისწავლის. ეკომიგრანტები ასევე ითხოვენ აუდიტს, რომელიც ტენდერების საკითხს შეისწავლის.

პირველი არხის წალკის მერს, ილია საბაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან არც სატელეფონო და არც სატელევიზიო კომენტარი არ ისურვა.