წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად ორი პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის, ერთი პირი კი - შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს
წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად ორი პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის, ერთი პირი კი - შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად ორი პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის, ერთი პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი პირი: 1962 წელს დაბადებული რ.დ., 1991 წელს დაბადებული გ.კ. და წალენჯიხის რაიონული საკრებულოს თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული უ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაული ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„1994 წელს დაბადებული რ.კ. კი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.დ. და გ.კ. მიმდინარე წლის 12 ივლისს თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი გ.ს.-ს მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ. მათ იცოდნენ მომხდარი მკვლელობის დეტალები, თუმცა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებს არ შეატყობინეს და ბრალდებულს მიმალვაში შეუწყეს ხელი.

მათი დახმარებით, გ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და ამჟამად ძებნილი ე.მ. წალენჯიხაში ჩავიდა და უ.მ.-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში 2 დღის განმავლობაში იმალებოდა. იგი უ.მ.-ს დახმარებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფარულად გადასვლას გეგმავდა.

პოლიციამ რ.დ. და გ.კ. თბილისში, ხოლო უ.მ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წალენჯიხაში დააკავა.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაუსწრებლად იქნა მიცემული სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ იგი მესტიაში დააკავა. რ.კ. მკვლელობის დროს ე.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მკვლელობის შემდეგ კი მიიმალა და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.