წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულია ოჯახის ორი წევრი, რომლებიც თბილისში ქორწილში იმყოფებოდნენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულია ოჯახის ორი წევრი, რომლებიც თბილისში ქორწილში იმყოფებოდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის, ანზორ ქობალიას ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პირის, 8 წლის ბავშვის პასუხი საეჭვოა და მას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

ორივე ახალი შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში გამოვლინდა. საუბარია 33 და 38 წლის და-ძმაზე. ისინი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

„ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიტესტა 311 ადამიანი. სხვა რეგიონებში ნიმუში წაღებულია, ჯერ ყველა პასუხი არ არის მიღებული. ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში. ისინი თბილისში იყვნენ ქორწილში. ინფიცირებულები არიან და-ძმა, ხოლო მათი ოჯახიდან არასრულწლოვანი ბავშვი საეჭვოა. 8 ადამიანი, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ამ ინფიცირებულებთან, კარანტინში არიან გადაყვანილი. კონტაქტების კვლევა გრძელდება. რაც შეეხება სენაკს, 50-მდე კონტაქტი გამოვლინდა, ყველას ჩაუტარდა ტესტირება, ყველა უარყოფითია. ფოთში გრძელდება ეპიდკვლევები, გუშინ გამოვლენილი 52 კონტაქტის პასუხი უარყოფითია. მარტვილს რაც შეეხება, აქ 31 კონტაქტია გამოვლენილი, ყველას ჩაუტარდა ტესტირება. პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი“, – განაცხადა ანზორ ქობალიამ.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამჟამად 311 ადამიანი იმყოფება.