წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი - მდინარე ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, დაგუბებისა და ჩახერგვის საფრთხე არ არსებობს, სიტუაცია კონტროლირებადია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, – ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული ავრცელებს.
„დაახლოებით 17:00 საათისთვის ჩქვალერის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდა. შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მყისიერად ავიდნენ ინწრას ხეობის სათავესთან, ადგილზე, საიდანაც სასმელი წყლით მარაგდება წალენჯიხის სოფლები: ჩქვალერი, საჩინო, ზედა საჩინო და ეწერი.
აღმოჩნდა, რომ მილების დაერთების სათავე სტიქიის მიერ მთლიანად მოშლილი და წაღებულია. დაახლობით 70 მეტრის მილები ჩამოტანილია ხეობაში.
მიღებული ინფორმაციის შესწავლის, შეფასების, გადამოწმების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩახერგვისა და დაგუბების საშიშროება არ არსებობს.
წყალი ჩვეულებრივად მიედინება. როგორც კი მოგვეცემა საშუალება და ამინდი შეგვიწყობს ხელს, აღვადგენთ წყლის მიწოდებას.
კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო. ამ ეტაპზე დაგუბებისა და ჩახერგვის საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.
მერია გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორც კი ამინდი შეგვიწყობს ხელს, დაიწყება წყლის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები“, – აცხადებს ვანო ბურდული.