წალენჯიხის მერის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სამი მოქალაქის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს
წალენჯიხის მერის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სამი მოქალაქის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია აცხადებს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სამი მოქალაქის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დაკავებულია სამი პიროვნება. დაკავება მოხდა მუჟავას ე.წ. საზღვართან. რისთვის იყვნენ ისინი იმ ადგილას, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა და შესაბამისი სამსახურები ამასთან დაკავშირებით გააკეთებენ განცხადებას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, ისინი გადასულები იყვნენ ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე – რისთვის, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენი სტრუქტურები ჩართულები არიან და მაქსიმალურად ვცდილობთ, ხვალისთვის მოხდეს მათი გათავისუფლდება“, – განაცხადა ბესიკ ფარცვანიამ.

დაკავებულთა ასაკი 30-დან 35 წლამდეა.

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დღეს დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები.