წალენჯიხაში, სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
წალენჯიხაში, სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ხუთდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სოფელ სქურის მიმართულებით წავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა.

სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.

11 ოქტომბრიდან, პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სამაშველო-საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდა 15-კაციანი ჯგუფი და დრონი. ასევე, ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიური სამსახურიც“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.