ვულკანი, რომელიც ოქროს ამოაფრქვევს
ვულკანი, რომელიც ოქროს ამოაფრქვევს

„კოლუმბიის ანდებში მდებარე ვულკანი გალერასი ყოველდღიურად ატმოსფეროში 450 გრამ ოქროს ამოაფრქვევს“, — აცხადებს ნიუ-მექსიკოს ლოს-ალამოსოს ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერი, დოქტორი ფრასტერ გოფი. მისივე თქმით, აღნიშნული ვულკანი მის კრატერში არსებულ ქანებში წელიწადში 20 კგ ოქროს ლექავს.

ოქროს ხშირად პოულობენ ჩამქრალ ვულკანებში, თუმცა, როგორც დოქტორი გოფი აღნიშნავს, გალერასი თავისი ცეცხლოვანი მწვერვალიდან კომერციული რაოდენობის ოქროს აფრქვევს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ ვულკანზე ხილვადი ოქრო აღმოაჩინეს.

დოქტორ გოფის თქმით, ვულკან გალერასის ფორმირება 500 000 წლის წინ მოხდა და უცნობია, სულ რამდენი ოქრო ამოაფრქვია მან ამ პერიოდიდან დღემდე.

ზოგადად, გალერასი კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. 1993 წლის ამოფრქვევისას, მან იმ 6 მეცნიერის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ნიმუშების აღების მიზნით, მის კრატერში იყვნენ ჩასული. მათ შორის იყო დოქტორ გოფიც, რომელმაც უსაფრთხოდ გამოქცევა მოახერხა.

როგორც გოფმა აღნიშნა, კრატერიდან მან რამდენიმე ნიმუშის წამოღება მოახერხა, რომლებშიც თვითნაბადი ოქროს ნამცეცები აღმოჩნდა.

მეცნიერი ვარაუდობს, რომ ოქროს ბაქანი ვულკანის ფსკერთან მდებარეობს და მისი სიგანე 3,5 მეტრია, თუმცა ვერ ასახელებს სიგრძეს და სიღრმეს.

ამოფრქვევიდან ერთი კვირის შემდეგ, დოქტორი გოფი თავის გუნდთან ერთად კვლავ ჩავიდა ვულკანის კრატერში. მათ სხვადასხვა ნიმუშებში ოქროს ძიება დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ამონაფრქვევის ზოგიერთი ფრაგმენტი 2,5 გრამ ოქროს შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ მაღაროებში, ამ რაოდენობის ოქროს მისაღებად ტონობით დეპოზიტის ამოღებაა საჭირო.

„აქტიური ვულკანების მიერ ოქროს ამოფრქვევა უცნაური ფაქტი სულაც არ გახლავთ“, — აღნიშნავს ნევადის უნივერსიტეტის გეოლოგი დოქტორ დონ ნობლე. მისი თქმით, მნიშნელოვანი რაოდენობის ოქრო ასევე აღმოჩენილია შუაოკეანურ ქედებზე, რომლებიც მაგმას ამოაფრქვევენ.

ვულკან გალერასთან ადამიანთა წვდომას მკაცრად აკონტროლებს კოლუმბიის ხელისუფლება.

წყარო: nytimes.com