ვუკოევიჩმა მუნდიალზე „სლავა უკრაინის“ გამო ატეხილი სკანდალი გაიხსენა - თოფის გამოყენება არ ვიცი და უკრაინას მხოლოდ სპორტში თუ დავეხმარები [ვიდეო] #1TVSPORT
კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხორვატიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ოგნიენ ვუკოევიჩი შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის საშინელებების გამო. მან გაიხსენა, როგორ გამოიწვია სკანდალი რუსეთში 2018 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მის მიერ ნათქვამმა – „დიდება უკრაინას“.
„უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, იქ თორმეტი წელი გავატარე, ბევრი შესანიშნავი მომენტი მახსოვს. სამწუხაროდ, ახლა მხოლოდ ამხანაგურ საქველმოქმედო მატჩებს ვატარებთ, სადაც უკრაინის დასახმარებლად თანხები გროვდება. თოფის გამოყენება არ ვიცი და უკრაინას მხოლოდ სპორტში თუ დავეხმარები. ომის დაწყებიდან არასდროს მიფიქრია, რომ უკრაინასა და „დინამოს“ სამუდამოდ დავტოვებდი. ამ კლუბმა ბევრი რამ მომცა, ისევე როგორც ზაგრების „დინამომ“ და ჩემი ვალია, რითიც შემიძლია, უკრაინელებს დავეხმარო.
2014 წელს მაიდანზე ტრაგიკული მოვლენების დროს უკრაინაში ვიყავი. ასევე იყო ცოტა ხნის წინ, როდესაც ომი დაიწყო, როდესაც სლოგანი „სლავა უკრაინი!“ კვლავ გაცოცხლდა. თურმე მე და ვიდა მაშინ წინასწარმეტყველები ვიყავით. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ფრაზა ემოციური იყო და არანაირი პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდა. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს შეურაცხყოფა ან პროვოცირება.
ისე, მე მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშეც ვიყავი, ყოფილ თანაგუნდელებს შორის რუსი მეგობარი მყავს. არასდროს მქონია პრობლემა ჩემს თამაშთან დაკავშირებით. არ ვიცით, რა ბედი ეწევა ჩემპიონატს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მნიშვნელოვანი. ერთადერთი, რისთვისაც ვლოცულობ, არის ის, რომ ომი უკრაინაში დასრულდეს“, – განაცხადა ვუკოევიჩმა Vecernji List-ის კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოხდა, რომელიც რუსეთში გაიმართა. ხორვატიის ნაკრებმა 1/4 ფინალურ ეტაპზე რუსეთი დაამარცხა. ხორვატმა ფეხბურთელებმა, დომაგოი ვიდამ და ოგნიენ ვუკოევიჩმა გამარჯვება უკრაინასა და „დინამოს“ მიუძღვნეს, რამაც რუსები ძალიან გააღიზიანა.
ხორვატიის ნაკრების მცველი დომაგოი ვიდა და ოგნიენ ვუკოევიჩი რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის მთავარი გმირები გახდნენ. ვიდამ გოლი ჯერ თამაშიდან გაიტანა, შემდეგ – პენალტების სერიაშიც. თამაშის შემდეგ ვიდამ და ვუკოევიჩმა მოკლე ვიდეო გადაიღეს, სადაც ამბობდნენ: „სლავა უკრაინი! ეს გამარჯვება კიევის „დინამოსა“ და უკრაინას მივუძღვენით. წინ ხორვატია!“.
რატომ გაიხსენეს უკრაინა საერთოდ? ვიდაც და ვუკოევიჩიც დიდხანს თამაშობდნენ კიევის „დინამოში“ და კარიერის შემდეგ კიევში ბევრი მეგობარი ჰყავთ. ვიდეო სწორედ მათთვის გადაიღეს.