„მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი აცხადებს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერს სრული ფინანსური მხარდაჭერა ექნება.
„ჩვენი ბიზნესის სიძლიერე ნიშნავს, რომ საკმარისი ფინანსური რესურსები გვაქვს ჩვენი მწვრთნელის მხარდაჭერისა და მოედანზე წარმატების შექმნისთვის. ეს არის ჩვენი მუდმივი პირველადი მიზანი“, – აცხადებს ვუდვორდი.
სოლსკიაერი „იუნაიტედის“ დროებითი მწვრთნელის პოსტზე დეკემბერში დაინიშნა და კლუბს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც 10 მოიგო.
თუმცა, როგორც კი ნორვეგიელმა გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, გუნდის სათამაშო ფორმა შესუსტდა და სეზონი ოთხეულთან ხუთქულიანი ჩამორჩენით დაასრულა, ბოლო ცხრა მატჩიდან კი მხოლოდ ორი მოიგო.
თავად ნორვეგიელს მიაჩნია, რომ პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება.
„ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებს 2012/2013 წლების სეზონის შემდეგ არ აღუმართავთ ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ტიტული, ბოლო ორი სეზონი კი თასების მოგების გარეშე ჩაატარეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირა წარუმატებელი გამოდგა, მოხარულები ვართ დავადასტუროთ, რომ ოლე ჩვენი მწვრთნელი იქნება სამწლიანი კონტრაქტის საფუძველზე.
კლუბის ყველა წევრი – ხელმძღვანელობა, მწვრთნელი, გუნდი და ყველა აქ მომუშავე ადამიანი – კონცენტრირებულია ინგლისის საფეხბურთო ელიტაში „იუნაიტედის“ დაბრუნებაზე. ჩვენ კვლავაც ვაუმჯობესებთ ჩვენს საქმიანობას მოედანზე და მის მიღმა ამ მიზნის მისაღწევად“, – დაამატა ვუდვორდმა.