ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც სავარაუდოდ მინსკში მომიტინგის გარდაცვალებაა დაფიქსირებული და ჩანს, რომ სპეცრაზმელების წინაშე ხელებაწეულია
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც სავარაუდოდ მინსკში 10 აგვისტოს ერთ-ერთი დემონსტრანტის, ალექსანდრ ტარაიკოვსკის გარდაცვალების მომენტი ჩანს. ორ ჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცი სპეცრაზმის კორდონთან ხელებაწეული მიდის, ასევე დაფიქსირებულია სპეცრაზმელების მხრიდან გასროლისა და დემონსტრანტის დაცემის მომენტი. ვიდეო მძიმე სანახავია, რის გამოც მისი გავრცელებისგან თავს ვიკავებთ.
აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მამაკაცს ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რომელიც მას სამართალდამცველების მისამართით უნდა ესროლა.
10 აგვისტოს მინსკში საპროტესტო აქციის დროს გარდაცვლილი 34 წლის ალექსანდრ ტარაიკოვსკი დღეს დაკრძალეს. მისი ხსოვნის პატივსაცემად პუშკინის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.