„ვორსკლას“ ყოფილი მწვრთნელი - გორში რთული შეხვედრა გველის, ქართველებმა თამაში და გულშემატკივრობა იციან #1TVSPORT
„ვორსკლას“ ყოფილმა მწვრთნელმა, ვიქტორ პოჟეჩევსკიმ „უკრფუტბოლთან“ კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ მატჩზე (2:1) და რთული საპასუხო მატჩი ივარაუდა.
„მოგება კარგია, მაგრამ საქართველოში თამაში რთული იქნება და მთავარი ბრძოლა წინ არის. შანსები ჯერჯერობით 50/50-ზე რჩება. ქართველებს თამაში და გოლის გატანა შეუძლიათ, საქართველოში კი ძალიან ემოციური გულშემატკივრები არიან და მხარდაჭერა იციან.
„ვორსკლამ“ მეორე ტაიმში იმიტომ შეუტია, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, თანაც ქართველებსაც დაღლა დაეტყოთ. „დილა“ უკვე მეორე შესარჩევ ეტაპზე გამოდის. გუნდმა ივლისში საქართველოს სუპერთასზე ითამაშა და ეს დიდი პლუსია. ჩვენები კი მხოლოდ ახლა შეიკრიბნენ და ამხანაგურ მატჩები გამართეს, რაც საკმარისი არ არის. ამაში მეტოქეს ჩამოვრჩებოდით.
ამაზე დროს, შარშანდელ სეზონთან შედარებით „ვორსკლა“ სუსტია, რადგან რამდენიმე ლიდერი წავიდა და მათი არყოფნა შესამჩნევია. ახალგაზრდობა კარგია, უნდა ვენდოთ, მაგრამ გუნდმა დანაკლისი ვერ აანაზღაურა. შესაძლოა, ბრძოლისა და ჟინის ფონზე ეს დანაკლისი არ გამოჩნდეს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გუნდზე ცუდად აისახება. მომდევნო მეტოქეები ქართველებზე ძლიერი იქნებიან და ჯგუფში მოხვედრა გართულდება.
არა მგონია, რომ ვიქტორ სკრიპნიკმა საქართველოში დაცვითი ტაქტიკა აირჩიოს და თამაში სრულად ჩაკეტოს. ჯობს, გუნდმა წინა გამარჯვებაზე ნაკლები იფიქროს და თავისი ფეხბურთი ითამაშოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ვორსკლა“ „დილას“ ნაცვლად სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“ შეხვედრას გეგმავდა. ამის გამო შეარჩიეს მასთან ახლოს მდებარე პოლონული ქალაქი ტიხი, მაგრამ ახლა საქართველოში უნდა გაფრინდენენ, გორში კი აეროპორტი არ არის, რაც ნიშნავს, რომ თბილისიდან ავტობუსით მგზავრობა მოუწევთ და ეს რთული იქნება.
პრობლემაა, რომ „ვორსკლაში“ ხელფასებს აგვიანებენ. კლუბმა შემადგენლობიდან წასულებს სათანადო შემცვლელები ვერ მოუნახა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თამაშზე. მწვრთნელისთვის ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, კრავეცის („დნიპრო 1“-ში გადავიდა) და სეფერის (არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ითამაშებს) ნაცვლად ფეხბურთელების აყვანის სურვილი იყო, მაგრამ ამის არანაირი შესაძლებლობა არაა“, – ამბობს „ვორსკლას“ ყოფილი მწვრთნელი.
პოლტავის „ვორსკლასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე 3 აგვისტოს გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.