„ვორლდ ვიჟენ-საქართველოს“ დირექტორი - დღევანდელი შეხვედრა არ ეხებოდა მხოლოდ ნინოწმინდას, ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელთა გამოც ბავშვები ხვდებიან ინსტიტუციებში
„ვორლდ ვიჟენ-საქართველოს“ დირექტორი - დღევანდელი შეხვედრა არ ეხებოდა მხოლოდ ნინოწმინდას, ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელთა გამოც ბავშვები ხვდებიან ინსტიტუციებში

დღევანდელი შეხვედრა არ ეხებოდა მხოლოდ ნინოწმინდას, ეს იყო ზოგადი საკოორდინაციო შეხვედრა, რათა გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელთა გამოც ბავშვები ხვდებიან ინსტიტუციებში, – ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, World Vision-საქართველოს დირექტორმა, ეკა გურგენიძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, გურგენიძის განცხადებით, ორგანიზაცია დიდი ხანია, მუშაობს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და მისი თქმით, პროცესი ძალიან სწრაფად მიდის.

„უკვე არის მზაობა საპატრიარქოს მხრიდან, რომ ითანამშრომლონ და ნინოწმინდაში განვითარებული მოვლენებით ჩვენც და ჩართული სხვა მხარეებიც საკმაოდ კმაყოფილები ვართ. დღევანდელი შეხვედრა არ ეხებოდა მხოლოდ ნინოწმინდას, ეს იყო ზოგადი საკოორდინაციო შეხვედრა, რომ გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რის გამოც ბავშვები ხვდებიან ინსტიტუციებში. გამოიკვეთა საჭიროება, რომ მოხდეს ოჯახების გაძლიერება, რათა ბავშვები არ მოხვდნენ ინსტიტუციებში. ასევე გამოიკვეთა, რომ ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კოორდინირებულად და სამინისტრომ ჩვენ მიერ შექმნილი მექანიზმი უნდა გაააქტიუროს. სავარაუდო დრო, როდის დაიცლება ნინოწმინდის დაწესებულება, ასე ვერ ვიტყვით, რადგან მიმდინარეობს ბავშვთა საჭიროებების შეფასება და ამაზეც იყო საუბარი, რომ არ შეიძლება ამ პროცესის დაჩქარება“, – განაცხადა ეკა გურგენიძემ.