ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, დამატებით სანქციები დაუწესდათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის აგრესიასთან

21:12, 23.08.2025

უკრაინის პრეზიდენტმა დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის განკარგულებებით, შეზღუდვები დაუწესდათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის აგრესიასთან.

ზელენსკის ერთი განკარგულება ითვალისწინებს კანადის მიერ 2025 წელს დაწესებულ სანქციებთან უკრაინის შემზღუდავი ზომების სინქრონიზაციას. ამ განკარგულებით, სანქციები დაუწესდა 139 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. კიდევ ერთი განკარგულებით, „შავ სიაში“ მოხვდა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე, რომლებიც საოკუპაციო ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უწევენ დახმარებას.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, სანქციები დაუწესდათ პუტინის ყოფილ ცოლს და მის ამჟამინდელ ქმარს – ლუდმილა და არტურ ოჩერეტნებს, პუტინის ბიძაშვილს, მიხაილ პუტინს, პუტინის ქალიშვილის ყოფილ ქმარს, იგორ ზელენსკის და კრემლთან დაახლოებულ სხვა პირებსა და ბიზნესმენებს. ასევე, შეზღუდვები შეეხოთ კოსმეტიკისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის მწარმოებელ კომპანია „არნესტს“, ლუდის კომპანია „ბალტიკას“, ენერგოკომპანია „იუნიპროს“ და სხვა კომპანიებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ, ვინც რუსეთის ომს და ოკუპაციას მხარს უჭერს, საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს რეალური ზეწოლა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების სინქრონიზაციისთვის, რათა ოკუპანტების არცერთი თანამზრახველი არ გაექცეს პასუხისმგებლობას.

მსგავსი