ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 29 რაკეტა და 480 დრონი გაუშვა, დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი და დაშავდა 10 ადამიანი
რუსეთმა უკრაინის ოთხ რეგიონში ენერგეტიკული და რკინიგზის ინფრასტრუქტურა დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
კერძოდ, ზელენსკის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 29 რაკეტა და 480 დრონი გაუშვა. ხარკოვის რეგიონზე მიტანილი იერიშის შედეგად ბალისტიკური რაკეტა ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავებულია 10 ადამიანი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ამ დრომდე ადამიანები იყვნენ.
„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 29 რაკეტა გამოიყენა, რომელთაგან თითქმის ნახევარი ბალისტიკური იყო, და 480 დრონი, უმეტესობა „შაჰედი“. ისინი კიევის, ხმელნიცკისა და ჩერნოვცის რეგიონების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ჟიტომირის რეგიონის რკინიგზისკენ იყო მიმართული. ზიანი დნეპრის, ზაპოროჟიეს, ვინიცის, ოდესას, პოლტავის, სუმის და ჩერკასის რეგიონებში დაფიქსირდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. პარტნიორებისგან სიცოცხლის წინააღმდეგ ამ სასტიკ დარტყმებზე რეაგირება უნდა მოხდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ გაჩუმდება. რუსეთმა არ შეწყვიტა უკრაინის საცხოვრებელი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მცდელობები და, შესაბამისად, მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობის იმედი გვაქვს, რათა ჩვენი ხალხის დაცვა უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი“, – წერს ზელენსკი.