ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირები საუდის არაბეთში 24 მარტს შეხვდებიან, თუმცა შეხვედრა განცალკევებული იქნება აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებისგან
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირები საუდის არაბეთში 24 მარტს შეხვდებიან, თუმცა შეხვედრა განცალკევებული იქნება აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებისგან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები საუდის არაბეთში 24 მარტს შეხვდებიან, თუმცა აღნიშნული შეხვედრა განცალკევებული იქნება იმავე დღეს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიაში ვიზიტისას განაცხადა.

„იქ ტექნიკური გუნდები იქნებიან. როგორც მესმის, სტრუქტურა შემდეგნაირია: გაიმართება უკრაინელი და ამერიკელი მხარეების შეხვედრა და შემდეგ გარკვეული მაკავშირებელი დიპლომატიით, როგორც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა თქვეს, ამერიკული მხარე შეხვდება რუსეთისას ან ეს იქნება პარალელური შეხვედრები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ცეცხლის შეწყვეტა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პირველი ნაბიჯის სახით შეთავაზებულია ცეცხლის შეწყვეტა ხმელეთსა და ზღვაზე.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ვაშინგტონის მიერ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა „დიდი საჩუქარია რუსეთისთვის“.