ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალებში უპილოტო საფრენ აპარატებზე ორიენტირებული დანაყოფის შექნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალებში უპილოტო საფრენ აპარატებზე ორიენტირებული დანაყოფის შექნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში ცალკეული დანაყოფის შექმნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებზე იქნება ორიენტირებული.

„ეს არ არის სამომავლო საკითხი, არამედ ის, რამაც უნდა მოგვცეს შედეგი უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკი განმარტავს, აღნიშნული წინადადება თავდაცვისა და უშიშროების ეროვნულ საბჭოს გადაეცემა.

დოკუმენტი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, მოუწოდებს მთავრობას და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უპილოტო სისტემებისთვის ცალკე დანაყოფის შექმნის საკითხი შეიმუშაონ.

„უკრაინამ უსაფრთხოების ვითარება შავ ზღვაში უპილოტო საფრენი აპარატების წყალობით რეალურად შეცვალა. ბრძოლის ველზე თავდასხმებისგან დაცვა ხშირად უპილოტო საფრენი აპარატების წყალობით ხდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ცალკეული დანაყოფის არსებობა „ძლიერ იმპულსს“ მისცემს სამხედრო-ტექნოლოგიურ განვითარებას.