ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტელეკომუნიკაციების ოპერატორებსა და ინტერნეტ პროვაიდერებს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტელეკომუნიკაციების ოპერატორებსა და ინტერნეტ პროვაიდერებს სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სულ სანქციები დაუწესდა 10 რუს მობილურ ოპერატორს, ინტერნეტ პროვაიდერსა და სატელიტური კომუნიკაციების კომპანიას.
მათივე ცნობით, ახალი სანქციები მიმართულია ლუგანსკის კომუნიკაციებისა და მობილური კომუნიკაციების სისტემების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სანქციები ასევე დაეკისრა ფედერალურ სატელიტურ და ტელეკომუნიკაციების ოპერატორს Amtel-Svyaz-ს, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო მომსახურებას, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებისთვის, ასევე სატელიტური კომუნიკაციების კომპანიას, რომელიც რუსეთის უსაფრთხო საკომუნიკაციო არხებს ამარაგებს და რომელიც გამოიყენება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი საქმიანობა უკანონოა. კომპანიები, რომლებიც შეგნებულად მოქმედებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემსახურებიან საოკუპაციო ხელისუფლებას, ტოქსიკურები ხდებიან საერთაშორისო ბიზნესისა და გლობალური ფინანსური სისტემისთვის. სწორედ ამიტომ აწესებს უკრაინა სანქციებს, რომლებიც მიზნად ისახავს მათი საქმიანობის შეუძლებლობას არა მხოლოდ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ რუსეთის ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სანქციების პოლიტიკის კომისარმა ვლადისლავ ვლასიუკმა.