ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის მიერ უკრაინაზე იერიშების ფონზე, დონალდ ტრამპს „გრემის კანონის“ ამოქმედებისკენ, ევროკავშირს კი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე დარტყმების ფონზე, დონალდ ტრამპს „გრემის კანონის“ ამოქმედებისკენ მოუწოდა, ევროკავშირს კი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ.
„თუ რუსებმა კიდევ უფრო სასტიკი დარტყმების განხორციელება გადაწყვიტეს, მსოფლიომ უფრო ძლიერი საპასუხო ზომები უნდა აირჩიოს, რომ ომი არ გავრცელდეს“,- აღნიშნავს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, უკრაინა დონალდ ტრამპს სთხოვს, აამოქმედოს „ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და მისი ომის ფინანსურად მხარდამჭერი ყველა მხარის წინააღმდეგ“.
„ჩვენ ვთხოვთ პრეზიდენტებს, ანტონიუ კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს, დამატებითი ევროპული სანქციები დააწესონ. ყველა ლიდერს ვთხოვთ, რუსი ოლიგარქები არსებული სანქციების სიებიდან არ ამოიღონ და ტერორისტებთან ნებისმიერი ვაჭრობა შეზღუდონ, ვიდრე რუსეთი ომს არ შეწყვეტს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მისივე განცხადებით, მხოლოდ ბოლო ღამის განმავლობაში რუსული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა კიევში, ზაპოროჟიეში, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში – ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც : საბავშვო ბაღი კიევში, ლიცეუმი კიევის ოლქში, უნივერსიტეტი ხარკოვში და ენერგოობიექტები პოლტავის, ნიკოლაევისა და ვინიცის ოლქებში.