ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ძლიერი რეაგირებისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს და აღნიშნა, რომ აშშ უნდა დარჩეს „რაც შეიძლება კოორდინირებული“
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პრიორიტეტი ცეცხლის უპირობო შეწყვეტაა. ზელენსკის თქმით, რუსული დელეგაცია ამას თუ არ თანხმდება, მაშინ „ნათელი იქნება, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება“.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ტირანაში, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში გააკეთა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ძლიერი რეაგირებისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს და აღნიშნა, რომ აშშ უნდა დარჩეს „რაც შეიძლება კოორდინირებული“.
„ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი სრული, უპირობო და პატიოსანი ცეცხლის შეწყვეტაა. ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, რათა შეწყდეს მკვლელობები და შეიქმნას მყარი საფუძველი, პირველ რიგში, დიპლომატიისთვის. თუ დღეს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლები ამაზეც კი ვერ შეთანხმდებიან, ცეცხლის შეწყვეტაზე, ამ აშკარად აუცილებელ პირველ ნაბიჯზე, მაშინ 100%-ით ნათელი გახდება, რომ პუტინი დიპლომატიის ძირის გამოთხრას აგრძელებს. ასე თუ არ მოხდა, დღესვე უნდა იყოს გარკვეული შედეგები, დაწყებული ცეცხლის შეწყვეტით. მოვუწოდებ პუტინს, მის დელეგაციას რეალური უფლებამოსილება მიანიჭოს და ჩვენ გვჭირდება მკვლელობების სრული შეჩერება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მივცეთ. ამერიკის შეერთებული შტატები, პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასრულებას ცდილობს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა და მაქსიმალურად კოორდინირებული ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ ყველა დონეზე, რათა ეს მოხდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.