ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის საქალაქო ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დედაქალაქი რუსეთის თავდასხმების შედეგად გამოწვეული შესაძლო კრიზისული სიტუაციებისთვის სათანადოდ არ ემზადება

15:06, 09.10.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის საქალაქო ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქალაქი სათანადოდ არ ემზადება რუსეთის თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებისა და სხვა შესაძლო კრიზისული სიტუაციებისთვის.

ზელენსკის განცხადებით, აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების გაჭიანურება დაუშვებელია და პასუხისმგებლობა ინფრასტრუქტურის შესაბამის უწყებებსა და რეგიონულ ადმინისტრაციებს ეკისრებათ.

„ცალკე განვსაზღვრეთ კიევთან დაკავშირებული ამოცანები, რადგან ქალაქის ხელისუფლებას აუცილებელი ღონისძიებები თითქმის სრულად შეუსრულებელი აქვს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ისაუბრა რუსეთის იერიშების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზიანზე. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დაზიანებულია ელექტროენერგიის ქსელები და გადამცემი ობიექტები. აღდგენითი სამუშაოები კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 8 ოქტომბრის დილით, უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის, „უკრენერგოს“ გადაწყვეტილებით, კიევსა და რეგიონის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვა დაწესდა. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას, ვისაც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მეგობრები ან ნათესავები ჰყავს, ურჩია, დროებით გადასვლის შესაძლებლობა განიხილონ.

მსგავსი