ვიტალი კლიჩკო – კიევის მოსახლეობას, ვისაც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მეგობრები ან ნათესავები ჰყავთ, ვურჩევთ, დროებით გადასვლის შესაძლებლობა განიხილონ
რუსეთის თავდასხმების გაძლიერების გამო კიევი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც საქმე გადარჩენას ეხება. მათ, ვისაც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მეგობრები ან ნათესავები ჰყავთ, ვურჩევთ, დროებით გადასვლის შესაძლებლობა განიხილონ – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა, რის გამოც უმჯობესია, თუ დედაქალაქში მცხოვრები პირები ქალაქს დროებით დატოვებენ.
„ყოველდღიურად შემოდის ახალი ცნობები დანგრეული შენობების, დაჭრილების ან დაღუპულების შესახებ, რადგან ჩვენი ქალაქის დაბომბვა ძლიერდება. დღეს ეს გადარჩენის საკითხია“, – განაცხადა მერმა AFP-თან ინტერვიუში.
ამავდროულად, მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ მოუწოდებს მოსახლეობას სრული ევაკუაციისკენ. მისი თქმით, ქალაქების დაცარიელება და რუსეთისთვის გადაცემა სწორედ ის სცენარია, რომელსაც პუტინი ეძებს.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსული დარტყმები კიევში ელექტროენერგიის გათიშვას და წყალმომარაგების შეფერხებას იწვევს, რაც მოსახლეობას პრობლემებს განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში უქმნის. მედიის ცნობით, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დარღვევამ, შეიძლება, ფართომასშტაბიანი კრიზისი გამოიწვიოს.
8 ოქტომბრის დილით, უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის, „უკრენერგოს“ გადაწყვეტილებით, კიევსა და რეგიონის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვა დაწესდა.