ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისგან გლობალური შანტაჟის თავიდან ასაცილებლად გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისგან გლობალური შანტაჟის თავიდან ასაცილებლად გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსეთის მხრიდან გლობალური შანტაჟი. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენს ძალისხმევაზე დამოკიდებულია ევროპის მომავალი. გთხოვთ, გაზარდოთ ენერგორესურსების მოპოვება, რათა ყველამ რუსეთში გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება ენერგიის იარაღად გამოყენება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყატარს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის სტაბილურობაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ასევე კონფლიქტებით მოცულ სხვა ქვეყნებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო წესრიგი დაცული იყოს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ავღანეთში, ერაყსა და იემენში.

დოჰას ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობა გააფრთხილა, უკრაინიდან სურსათის ექსპორტზე რუსეთის ინტერვენციის შესაძლო გავლენის შესახებ. მისი თქმით, არც ერთი ქვეყანა არაა დაცული სურსათის მიწოდებაში შეფერხებებისგან.