ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა პოტენციურმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რა ელოდება მას, თუ მშვიდობას გაანადგურებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა პოტენციურმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რა ელოდება მას, თუ მშვიდობას გაანადგურებს

ჰააგაში, ნიდერლანდებისა და ევროკავშირის ორგანიზებით, კონფერენცია „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ დელეგატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან და ორგანოებიდან, მათ შორის „ევროჯასტიდან“ და ევროპის საბჭოდან.

კონფერენციას დისტანციურად დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა პოტენციურმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რა ელოდება მას, თუ მშვიდობას გაანადგურებს.

„სამართლიანობა არის სწორედ ის ხაზი, საიდანაც შეიძლება დაიწყოს მოძრაობა მშვიდობისკენ. იარაღი იძლევა ფიზიკურ დაცვას, მაგრამ სამართლიანობა აღადგენს სიცოცხლის უსაფრთხოების განცდას, რომელიც დაცული იყო იარაღის ძალით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კონფერენციაზე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელმაც დადებითად შეაფასა საერთაშორისო ძალისხმევა ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, კულებამ აღნიშნა, რომ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო.

„წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. ერთად ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქმედება იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ასევე იყოს მეტი დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან და პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე. თანაბრად მნიშვნელოვანია კომპენსაციის სრული საერთაშორისო მექანიზმის შექმნა და გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია“, – აღნიშნა კულებამ.