ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა პარტნიორს უნდა ახსოვდეს, რომ საჭიროა სიცოცხლის ყოველდღიურად გადარჩენა, იარაღი და საჰაერო თავდაცვა აუცილებელია, არ შეიძლება დახმარების შეჩერება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა პარტნიორს უნდა ახსოვდეს, რომ საჭიროა სიცოცხლის ყოველდღიურად გადარჩენა, იარაღი და საჰაერო თავდაცვა აუცილებელია, არ შეიძლება დახმარების შეჩერება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, 25 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 460-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა გამოიყენა.

ამის შესახებ ნათქვამია ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ზელენსკის თქმით, დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

პრეზიდენტის ცნობით, ამჟამად ცნობილია ექვსი დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ.

„არის ნგრევა ოდესის ოლქში: დარტყმები განხორციელდა პორტებზე, სურსათის მარაგებსა და ინფრასტრუქტურაზე, არანაირი სამხედრო ხასიათის ობიექტები. ასევე, დარტყმებია დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჩერკასის ოლქებზე. მთავარი სამიზნეები იყო ენერგეტიკა და ყველაფერი, რაც ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს. რუსებმა სულ გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა, მათ შორის აერობალისტიკური რაკეტები და 460-ზე მეტი დრონი, რომელთა უმეტესობა რუსეთ-ირანის „შაჰედები“ იყო“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოთხი დრონი მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა.

„ყველა პარტნიორს უნდა ახსოვდეს, რომ საჭიროა სიცოცხლის ყოველდღიურად გადარჩენა. იარაღი და საჰაერო თავდაცვა აუცილებელია, ისევე როგორც აგრესორზე სანქციებით ზეწოლა. არ შეიძლება დახმარების შეჩერება. ახლა მთავარია, ყველა პარტნიორმა ერთად იმუშაოს, კოორდინირებული ძალისხმევით იმოძრაოს დიპლომატიისკენ. რუსეთზე ზეწოლამ აუცილებლად უნდა იმუშაოს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.