ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველი რუსული ბალისტიკური რაკეტა, ყოველი ბომბი ურტყამს არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, არამედ დიპლომატიასაც და პოლიტიკურ ძალისხმევას ომის დასასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნებს გადამწყვეტი ქმედებებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მხოლოდ ზეწოლა, მხოლოდ გადამწყვეტი მოქმედება შეძლებს ამის შეცვლას. ყოველი რუსული ბალისტიკური რაკეტა, ყოველი საკრუიზო რაკეტა, ყოველი „შაჰედის“ დრონი და ყოველი მართვადი ბომბი ურტყამს არა მხოლოდ ჩვენს ხალხსა და ჩვენს დასახლებებს, არამედ დიპლომატიასაც და პოლიტიკურ ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად“, – ამბობს ზელენსკი.
რაც შეეხება სუმზე იერიშს, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბზობის კვირას მხოლოდ ბინძურ არამზადებს შეუძლიათ ასე მოქცევა.
„ბევრმა სახელმწიფო ლიდერმა, დიპლომატმა, დიდი გულის მქონე ჩვეულებრივმა ადამიანებმა გამოხატეს თანაგრძნობა უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. მათ დაგმეს რუსული თავდასხმა. ომები სრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სამხედრო დანაშაულები არ ავიწყდებათ და როდესაც აგრესორზე არის ზეწოლა. ეს ახლა არ ხდება. გასულ პარასკევს ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარყო ამერიკის წინადადება ცეცხლის სრული, უპირობო შეწყვეტის შესახებ. მათ არ აქვთ შიში“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.