ვოლოდიმირ ზელენსკი - წვდომა რომ გვქონდეს ყველა იმ იარაღზე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და ახლა გვჭირდება, ომს უკვე დავასრულებდით 
ვოლოდიმირ ზელენსკი - წვდომა რომ გვქონდეს ყველა იმ იარაღზე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და ახლა გვჭირდება, ომს უკვე დავასრულებდით 

წვდომა რომ გვქონდეს ყველა იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, ჩვენ უკვე დავასრულებდით ამ ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სათანადო შეიარაღების შემთხვევაში ქვეყნის სამხედრო ძალები უკვე გაათავისუფლებდნენ ტერიტორიას და დააბრუნებდნენ მშვიდობას, რადგან უკრაინელი სამხედროების უპირატესობა ტაქტიკაში და სიბრძნეში საკმაოდ აშკარაა.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე და მის საზღვრებთან საკუთარი ჯარის თითქმის ყველა საბრძოლო ნაწილის კონცენტრირება მოახდინა.

„ხაზს ვუსვამ მარტივ ჭეშმარიტებას დემოკრატიული სამყაროს ლიდერებთან, ყველა მოლაპარაკებაში, ყველა ინტერვიუში სიტყვასიტყვით ყოველ კონტაქტში – უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია ითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში ინახავენ. მათ თუ აქვთ იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება აქ, რაც ჩვენ გვჭირდება ახლა, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და გვჭირდება ახლა, მაშინ მათი, უპირველეს ყოვლისა, მორალური მოვალეობაა, დაეხმარონ თავისუფლების დაცვას. დაეხმარეთ ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს. თუ ომის პირველ კვირას მივიღებდით იმას, რასაც ახლა ვიღებთ, დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის და ევროპის თავისუფლებისთვის უფრო დიდი სარგებელი იქნებოდა. და თუ ახლავე მივიღებთ იმას, რის გადაცემასაც გეგმავს ზოგიერთი პარტნიორი უკრაინისთვის უახლოეს კვირებში, ეს გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული ჯარების ცეცხლის ინტენსივობა ხარკოვის მიმართულებით, დონბასსა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში. ისინი კვლავ მიიჩნევენ ჩვეულებრივ საცხოვრებლებს ნორმალურ სამიზნედ. ამ ომში რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ალბათ ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.