ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიზიარებ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება ყირიმის დასაბრუნებლად, მაგრამ მსოფლიოს შეუძლია, გამოიყენოს ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიზიარებ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება ყირიმის დასაბრუნებლად, მაგრამ მსოფლიოს შეუძლია, გამოიყენოს ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა

ვიზიარებ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება ყირიმის დასაბრუნებლად, მაგრამ მსოფლიოს შეუძლია, გამოიყენოს ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, რუსეთის მიერ 24 აპრილს განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„მე ვიზიარებ პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება, რათა დაიბრუნოს კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო გზით, თუმცა მსოფლიოს შეუძლია, დააწესოს სანქციები და გამოიყენოს ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვა საშუალებები, რათა ისაუბროს ამაზე და განიხილოს ტერიტორიული საკითხები, ოღონდ მხოლოდ ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შემდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა მზადაა ნებისმიერ პირთან და ყველა საკითხზე სასაუბროდ, თუმცა მხოლოდ ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შემდეგ.

„ცეცხლის უპირობო შეწყვეტა იძლევა შესაძლებლობას, ვისაუბროთ ყველაფერზე და ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ამას, ნებისმიერ პირთან ამ ფორმატში ნებისმიერ დროს. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მივიღებთ რეალურ სიგნალს, რომ რუსეთი მზადაა დაასრულოს ომი. ეს სიგნალი უნდა იყოს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ დროებით აქვს დაკავებული რუსეთს და კიევი მათ დე იურე რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებს.

„დროებით ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ დროებით არის ოკუპირებული, მაგრამ ყველა ეს ტერიტორია უკრაინას და უკრაინელ ხალხს ეკუთვნით. უკრაინა არ აღიარებს დე იურე არანაირ უფლებებს მათზე. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერი პოზიცია უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ზელენსკიმ.