ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიქტორ ორბანი არ არის მზად, რუსული ენერგორესურსის ალტერნატივები მოძებნოს, ვიმედოვნებ, დონალდ ტრამპი შეეცდება ამ საკითხის მოგვარებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიქტორ ორბანი არ არის მზად, რუსული ენერგორესურსის ალტერნატივები მოძებნოს, ვიმედოვნებ, დონალდ ტრამპი შეეცდება ამ საკითხის მოგვარებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე, ვიქტორ ორბანზე გავლენის მოხდენას, რათა უნგრეთმა რუსული ენერგორესურსების ალტერნატივები მოძებნოს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იგი ეთანხმება დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ ევროპამ საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს რუსეთისგან ენერგიის შეძენა.

„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მე სრულად მესმის ის სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპული ქვეყნებისთვის ენერგორესურსების მიწოდების ლოგისტიკასთან. ისინი ცდილობენ, იაფი გზა იპოვონ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ ათჯერ მეტის გადახდა მოუწევთ, ისინი თავიანთი დამოუკიდებლობით გადაიხდიან – ეს წარსულში უკრაინასთან მოხდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა უცხოურ მედიას შეახსენა, რომ რუსეთი ერთხელ უკრაინას იაფ გაზს სთავაზობდა, მაგრამ სანაცვლოდ ცდილობდა „ყველაფერზე გავლენის მოხდენას“.

„მე შესანიშნავად მესმის სლოვაკეთის. ისინი მზად არიან ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოსაძებნად, რაც კარგი ამბავია. ცუდი ამბავი ის არის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჯერ არ არის ამისთვის მზად. თუმცა, ვფიქრობ, რომ მთელი უნგრეთი არ უნდა იხდიდეს საფასურს ერთი ადამიანის შეცდომის გამო. ვიმედოვნებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეეცდება ამ საკითხის მოგვარებას. ის იცნობს ორბანს. ვფიქრობ, ევროპელი ლიდერებიც დაელაპარაკებიან მას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მისი მეგობარია და თუ გაესაუბრება, უნგრეთმა, შესაძლოა, რუსული ენერგიის შეძენა შეწყვიტოს.