ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინარჩუნებთ პოზიციებს დონბასში, კერძოდ ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც ახლა ძალიან რთული ბრძოლა მიმდინარეობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინარჩუნებთ პოზიციებს დონბასში, კერძოდ ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც ახლა ძალიან რთული ბრძოლა მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით ახლა ძალიან რთული მდგომარებაა შექმნილი. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ.

„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მოძრაობას აგრძელებენ. ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს დონბასში, კერძოდ ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც ახლა ძალიან რთული და ხისტი ბრძოლა მიმდინარეობს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო 93-ე მექანიზირებული ბრიგადის სიმამაცე, სიმტკიცე ამ მიმართულებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერი არ გამოხმაურებია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას, თუმცა თქვა, რომ „ყირიმში გუშინ მოღრუბლულობა იყო, თუმცა, ისევე როგორც მთელ უკრაინაში, სითბოც იყო“.

„ყირიმში, გუშინ მოღრუბლულობა იყო, თუმცა, ისევე როგორც მთელ უკრაინაში, სითბოც იყო. როგორიც არ უნდა იყოს ღრუბელი, უკრაინელებმა იციან, რა უნდა გააკეთონ. მათ იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს მომავალი არის ოკუპანტების გარეშე. მთელ ჩვენს ტერიტორიაზე და მათ შორის ყირიმშიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუს სამხედროებს, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ უკრაინელ სამხედროებს.

„სხვა ვარიანტებს, რისი იმედიც შესაძლოა, ოკუპანტებს ჰქონდეთ, ჩვენ არ დავუტოვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.