ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიდრე „პეტრიოტის“ რაკეტები მოკავშირეთა საწყობებშია, რუსეთი უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე თავდასხმას გააგრძელებს

12:03, 06.07.2026

რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინისთვის „პეტრიოტების“ გადაცემისკენ მოუწოდა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დრონებისა და რაკეტების მოგერიებისას კარგი შედეგები აჩვენეს, თუმცა რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საკმარისი შესაძლებლობები არ ჰქონდათ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ, პირველ რიგში აშშ-მა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ნატო-ს სამიტი ჩვენი ცის, შესაბამისად კი, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის მხარდამჭერი მტკიცე გადაწყვეტილებებით დაასრულონ. ვიდრე „პეტრიოტის” რაკეტები მოკავშირეების საწყობებში რჩება, ეს მხოლოდ ახალისებს რუსეთს, გააგრძელოს საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმები. აშშ-სა და ევროპას საკმარისი შესაძლებლობები აქვთ, რომ ეს ტერორი შეაჩერონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 29 ბალისტიკური რაკეტიდან ვერცერთის ჩამოგდება ვერ შეძლო, რაც „პეტრიოტის“ რაკეტების დეფიციტზე მიუთითებს.

ცნობისთვის, ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა. რუსეთის მიერ გაშვებული 419 დრონიდან უკრაინის საჰაერო ძალებმა 363-ის ჩამოგდება შეძლეს. რუსული რაკეტა კიევში მდებარე ერთ-ერთ ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დაღუპულია, სულ მცირე, 11, ხოლო დაშავებულია 60 ადამიანი. საერთო ჯამში, კიევში, სულ მცირე, 15 შენობა დაზიანდა ან განადგურდა.

მსგავსი