ვოლოდიმირ ზელენსკი - ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე იმაზე მეტად არის გაღიზიანებული, ვიდრე წარმოგვიდგენია, მის გეგმას ჩვენ მხარს ვუჭერთ, პუტინი კი ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან გაღიზიანებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირებებს არ ასრულებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტრამპისგან ელოდება გადამწყვეტ ნაბიჯებს, რაც პუტინს აიძულებს, ცეცხლის უპირობო შეწყვეტას დათანხმდეს. მისივე თქმით, პუტინი ცეცხლის შეწყვეტას რომ დათანხმდეს, უნდა შეუქმნან შესაბამისი პირობები, რის შედეგადაც შეასრულებს დაპირებებს.
„ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობდნენ, მაგრამ ბევრი რამ ვიცით. ჩვენ ველოდებით, რომ იქნება რეაქცია. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია, ბიძგი მისცეს ომის დასრულებას. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ტრამპის იდეაა. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ომის დასრულებისკენ. ის დაინტერესებულია ამ ნაბიჯით, ამიტომ, ვფიქრობ, ის პუტინზე იმაზე მეტად არის გაღიზიანებული, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მის გეგმას ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ნაბიჯებით, უპირობოდ, ხოლო პუტინი ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.