ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე მარკ რუტეს, გვინდა, რაც შეიძლება მეტი დეტალი მივაწოდოთ პარტნიორებს, რათა უზრუნველყონ მშვიდობა გადაწყვეტილებებით, რომლებიც იმუშავებს გრძელვადიან პერსპექტივაში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მარკ რუტესთან საუბრისას განიხილა საფრანგეთის, ასევე, აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები. ზელენსკის თქმით, მადლიერია დონალდ ტრამპის მონდომების და ეს არის სწორედ ის, რაც დაეხმარება უკრაინას.
„ჩვენ გვინდა, ახლა რაც შეიძლება მეტი დეტალი მივაწოდოთ პარტნიორებს, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი და საიმედო მშვიდობის დამყარება გადაწყვეტილებების მიღებით, რომლებიც იმუშავებს გრძელვადიან პერსპექტივაში“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუტესთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აფასებს ფრანგი კოლეგის პოზიციას, რომელიც ემთხვევა სხვა ევროპელი ლიდერებისას, რაც გულისხმობს, რომ ევროპა გახდეს უფრო ძლიერი, მოემზადოს თავდაცვისთვის და შეძლოს მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია.
„ევროპას სჭირდება მკაფიო და ერთიანი პოზიცია, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველას. ჩვენი საერთო მიზანია, შესაძლებელი გახდეს რუსული აგრესიის რეალური და სამართლიანი დასრულება მომავალ წელს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.