ვოლოდიმირ ზელენსკი - ველოდებით, რომ აშშ-ის ქმედებები რუსეთს მშვიდობისკენ უბიძგებს, მოსკოვს ამერიკის ეშინია და მას ყურადღებას ყოველთვის აქცევს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მოსკოვს ვაშინგტონის ეშინია და ამერიკის ქმედებები „რუსეთს მშვიდობისკენ უბიძგებს“.
„ახლახან შევხვდი პრეზიდენტ ტრამპს და ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ საბოლოო მშვიდობას. განვიხილეთ რამდენიმე კარგი იდეა და იმედი მაქვს, ისინი იმუშავებს. ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის ქმედებები რუსეთს მშვიდობისკენ უბიძგებს. მოსკოვს ამერიკის ეშინია და მას ყურადღებას ყოველთვის აქცევს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარი სახელით საზღვარგარეთ ისეთ დელეგატებს გზავნის, „რომლებსაც არ შეუძლიათ და არ სურთ სისხლისღვრის შეჩერება“.
„საზღვარგარეთ, პეკინში ან სხვაგან როცა ჩნდება, ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ მეტი მკვლელობის ჩასადენად დრო მოიგოს. მხოლოდ ის აინტერესებს, რომ გამოიყენოს ყველა შეხვედრა, ყველა შანსი ომის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ჩინეთიც გააკრიტიკა და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„ჩინეთს ნამდვილად თუ სურდა ამ ომის დასრულება, მას შეეძლო მოსკოვი ეიძულებინა, შეჭრა შეეწყვიტა. ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია, თუმცა ძალიან ხშირად ჩინეთი დუმს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების ეშინია.
„რუსეთის წარმომადგენელი აქ იმყოფება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის არ არის ის, ვინც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს. მას უკრაინისა და მსოფლიოს პირისპირ დაჯდომის და იმის აღიარების ეშინია, რომ მას მხოლოდ ომი სურს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ყოველდღიურად კლავს უკრაინელებს, ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და არ ტოვებს ნიშანს, რომ ოდესმე გაერო-ს წესდების პრინციპებს დაუბრუნდება.