ვოლოდიმირ ზელენსკი – უსმანოვმა და ფრიდმანმა უნდა იპოვონ გამბედაობა და ომის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, ნამდვილად არ არის დრო, რუს ოლიგარქებს ევროპა მოექცეს ისე, როგორც მეგობრებს

02:39, 13.09.2026

რუსულმა კომპანიებმა, რომლებიც გადასახადებს ომის ბიუჯეტში იხდიან და რუსმა ოლიგარქებმა, რომელთა გარეშეც პუტინის სისტემის წარმოდგენა შეუძლებელია, უნდა იგრძნონ, რომ ეს ომი ვიდრე გრძელდება, მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც ისინი მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სანქციებმა კვლავ ისე უნდა იმოქმედოს, რომ რუსულ ბიზნესს გაუჩნდეს მკაფიო მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლების მიმართ – შეწყვიტოს ომი და სიძულვილის პოლიტიკა რუსეთის მეზობლებისა და ევროპის წინააღმდეგ.

„უკრაინის ეკონომიკა როცა რუსეთისთვის უბრალოდ სამიზნეა, ნამდვილად არ არის დრო, ევროპა რუს ოლიგარქებს მოექცეს ისე, როგორც მეგობრებს. რუსეთი როცა ყოველ ევროსა და დოლარს ომის გასაგრძელებლად იყენებს, რუსული ბიზნესისთვის ისეთი შესაძლებლობების მიცემა, რომ მათ საკუთარი ცხოვრება ომის შედეგების განცდის გარეშე გააგრძელონ, ერთდროულად ამორალური და თვითმკვლელურია“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი სწორედ ისეთი რუსი ბიზნესფიგურები არიან, რომელთაც გამბედაობა უნდა იპოვონ და ომის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.

„სწორედ ასეთ რუსულ ეკონომიკურ წრეებს არ უნდა მიეცეთ დამატებითი შესაძლებლობები მაშინ, როდესაც უკრაინის ეკონომიკა რუსეთის ტერორისა და პუტინის მიერ ომის შეწყვეტაზე უარის გამო ზარალდება. დღეში 500 „შაჰედის“ პირობებში, ნამდვილად არ არის დრო სანქციების შემსუბუქებაზე საუბრის დასაწყებად“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ზეწოლის შენარჩუნებაა საჭირო.

„უკრაინის დასუსტების ნაცვლად, გააძლიერეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ზელენსკი.

მსგავსი