ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე შეიძლება იმის კონსტატირება, რომ რუსეთის ჯარებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს, ჩვენ თავს დავიცავთ და ვიბრძოლებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე შეიძლება იმის კონსტატირება, რომ რუსეთის ჯარებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს, ჩვენ თავს დავიცავთ და ვიბრძოლებთ

უკვე შეიძლება იმის კონსტატირება, რომ რუსეთის ჯარებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს, ამაზე მეტყველებს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით აქტიური, სულ უფრო გათვლილი თავდასხმები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 54-ე დღის ტრადიციულ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთს ძალიან გაუჭირდება რაკეტებისა და სხვა აღჭურვილობის მარაგების შევსება მოქმედი სანქციების პირობებში.

„რუსეთის არმია არ ამცირებს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების ტემპებს, არადა უკვე უნდა აცნობიერებდეს, რომ უკიდურესად გაუჭირდება რაკეტების მარაგის შევსება უკვე მოქმედი სანქციების პირობებშიც კი. იმპორტის გარეშე ისინი ამას ვერ შეძლებენ. ხოლო როდესაც სანქციების გვერდის ავლის ყველა საშუალება დაიკეტება და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდება, რუსეთის სარაკეტო პოტენციალის აღდგენა არარეალისტური იქნება. ანუ რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგია თავად რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თვით-დემილიტარიზაცია. იგივე პროცესი მიდის რუსეთის სხვა შეიარაღებასთან დაკავშირებით. ახალი არტილერიის თვითმფრინავების, ვერტმფრენების, კრეისერების წარმოება სანქციების პირობებში რუსეთისთვის შეუსრულებელი ამოცანა იქნება. არც ერთ სარაკეტო დარტყმას არ შეუცვლია რუსეთისთვის პრინციპულად სიტუაცია. თუ მათ ერთად შევაფასებთ, დასკვნა არის, რომ ეს სტრატეგიული სისულელეა… ყოველი დაკარგული ცხოვრება ეს არის მხოლოდ არგუმენტი იმისთვის, რომ უკრაინელებს და სხვა თავისუფალ ერებს, თაობების განმავლობაში რუსეთს აღიქვამდნენ მხოლოდ საფრთხედ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით ოკუპანტები უფრო გათვლით მოქმედებენ, ვიდრე აქამდე, ეძებენ უკრაინის თავდაცვაში სუსტ ადგილს. მისი თქმით, მტრის ტაქტიკის ცვლილება შეიძლება მიანიშნებდეს, რომ მათ ეშინიათ მთელი ჯარის დაკარგვის. ზელენსკის თქმით, რუსმა გენერლებმა უკვე იმდენი რუსი სამხედრო მოკლეს, რომ ისინიც იძულებულები არიან, უფრო სიფრთხილით იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევისთვის, შეტევისთვის არავინ დარჩებათ.

„დღეს უკვე შეიძლება იმის კონსტატირება, რომ რუსეთის ძალებმა დაიწყეს ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის ძალიან დიდი ნაწილი ახლა კონცენტრირებულია ამ შეტევისთვის. რამდენი რუსი სამხედროც არ უნდა გაგზავნონ იქ, ჩვენ თავს დავიცავთ და ვიბრძოლებთ. ამას ყოველ დღე გავაკეთებთ. არაფერს უკრაინულს არ დავთმობთ, სხვისი კი უბრალოდ არ გვჭირდება. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ყველა ჩვენი გმირი ქალაქის დონბასში, მადლობელი ვარ მარიუპოლისა და ხარკოვის ოლქის ქალაქების, რომლებიც დგანან, რომლებიც იცავენ მთელი უკრაინის ბედს და დამპყრობელთა ძალებს აკავებენ. რუბეჟნოე, პოპასნაია, ზოლოტოე, ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, კრამატორსკი და ყველა სხვა ქალაქი, რომლებიც მთელი ეს წლები და მუდამ უკრაინასთანაა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.