ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის პრიორიტეტია ომის რაც შეიძლება მალე დასრულება ღირსეული მშვიდობით, ევროპა რეალური დიპლომატიის ყველა ეტაპზე უნდა იყოს წარმოდგენილი
უკრაინის პრიორიტეტია ომის რაც შეიძლება მალე დასრულება ღირსეული მშვიდობით. ევროპა რეალური დიპლომატიის ყველა ეტაპზე უნდა იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდეს ძლიერი პოზიცია და გავლენა მოახდინოს ომის წყაროზე, რუსეთზე, რათა რუსეთმა დაასრულოს საკუთარი ხელით შექმნილი ომი.
„ჩვენმა გუნდმა წარმოადგინა ანგარიში აბუ დაბიში ამერიკულ და რუსულ მხარეებთან შეხვედრების შედეგების, ასევე ემირატებში მყოფ ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის შესახებ. პირველ რიგში, არსებობს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმება ტყვეების გაცვლისთვის მზადების შესახებ; მეორე, მხარეებმა განიხილეს თავიანთი მიდგომები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ამასთან, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამ მხრივ პირველი ნაბიჯი იყოს ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა; მესამე, განიხილებოდა ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით შემდგომი მუშაობის უფრო ფართო ფორმატები“, – დაწერა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარეს და ემირატებს მომლაპარაკებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამერიკელი წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან და ამ მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ შევათანხმებთ პოზიციებს და განვსაზღვრავთ, შემდეგ რა ნაბიჯების გადაადგმაა შესაძლებელი. ხვალ დუბლინში შევხვდებით. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. უკრაინის პრიორიტეტია, ომის რაც შეიძლება დასრულება, ღირსეული მშვიდობის მიღწევით. დარწმუნებული ვართ, ევროპა უნდა იყოს წარმოდგენული დიპლომატიური პროცესის ყველა ეტაპზე. აუცილებელია, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდეს ძლიერი პოზიცია და გავლენა მოახდინოს ამ ომის წყაროზე, რუსეთზე, რათა რუსეთმა დაასრულოს ომი, რომელიც თავადვე დაიწყო. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს შეხვედრების ორგანიზებისა და შუამავლობისთვის; მადლობას ვუხდი ემირატებს მოლაპარაკებების ადგილის უზრუნველყოფისთვის; და მადლობას ვუხდი მეტე ფრედერიქსენს და ჩვენს ყველა ევროპელ მეგობარს, მშვიდობისკენ სწრაფვაში მათი პრინციპული და მტკიცე პოზიციისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, 10-11 ნოემბერს აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. შეხვედრა ორ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.