ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის, აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობით მალე ერთობლივი შეხვედრა გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის, აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობით მალე ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.
მისივე თქმით, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები უკრაინა-აშშ-ს დელეგაციებს კიევში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს შეუერთდნენ, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეები მალე შეხვდებიან ერთმანეთს. არ ვიცი, სად გაიმართება შეხვედრა – ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ან იქნებ ისევ უკრაინაში, რადგან როგორც გავიგე, სტივ უიტკოფს მოეწონა ჩვენი მატარებელი. ასე რომ, შეხვედრა შესაძლოა, ისევ უკრაინაში იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები კიევში მატარებლით დღეს ჩავიდნენ და უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები გამართეს.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დედაქალაქში, ამერიკული დელეგაციის პარალელურად, იმყოფებიან ევროპელი პარტნიორებიც. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის წარმომადგენლები.