ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ევროპული სამხედრო კონტინგენტის განლაგება შეიძლება იყოს კომპრომისის ძიების საფუძველი უკრაინისა და რუსეთის შერიგებისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ევროპული სამხედრო კონტინგენტის განლაგება შეიძლება იყოს კომპრომისის ძიების საფუძველი უკრაინისა და რუსეთის შერიგებისთვის

უკრაინაში ევროპული სამხედრო კონტინგენტის განლაგება შეიძლება იყოს საფუძველი, რის შემდეგაც დაიწყება კომპრომისის ძიება უკრაინასა და რუსეთის შერიგებისათვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „მსურველთა კოალიციის“ უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება უსაფრთხოების გარანტიაა.

„ევროპა ჩვენთანაა და ის ჩვენ დაგვეხმარება. „მსურველთა კოალიცია“ არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისათვის. მათი ძალების განლაგება ჩვენს ტერიტორიაზე არის ნატო-ს მეხუთე მუხლი, მაგრამ ნატო-ს გარეშე. ისინი აქ შეიძლება განთავსდნენ, მაგრამ მათ ამერიკის მხარდაჭერა სჭირდებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპაში ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ ამ პროცესში შეერთებული შტატებიც ჩართული იქნება.

„ეს ნიშნავს, რომ რაიმე თუ მოხდება, ამერიკა მათთან და უკრაინასთან ერთად იქნება. როდესაც ამერიკა მკაფიოდ არ აცხადებს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ, ეს განწყობა, ენერგია ამ იდეის წინსვლისთვის ევროპელებში მცირდება, რადგან მათთვის ეს რისკია“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპელები უკრაინის დახმარებას შეწყვეტენ ან შეამცირებენ.

„ისინი გაზრდიან დახმარებას. მათთვის ნაკლები რისკია ჩვენთვის მეტი დახმარების მოცემა, ვიდრე თავიანთი ჯარებით უკრაინაში ყოფნა. უბრალოდ მათი ყოფნა გვაძლევს კომპრომისების შესაძლებლობას და ეს საკმარისი დიპლომატიური კომპრომისია“, -განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ რას აძლევს უკრაინას ევროპული ძალების ყოფნა მათ ტერიტორიაზე. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს, უცხოელები „მსურველთა კოალიციიდან“ ომობდნენ.

„ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ უკრაინა და გვქონდეს კონტინგენტი, როგორც უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, რადგან ეს ამცირებს რისკს, რომ რუსები დაბრუნდებიან. შესაძლოა, ეს ნატო არ არის. მაგრამ თქვენთვის და ჩემთვის ეს უსაფრთხოების გარანტიაა. როდესაც ასეთი მხარდაჭერა გაქვს, რუსებთან პირადად საუბრობ და თუ არა, ეს უფრო ულტიმატუმის რაღაცებს ჰგავს, რაც დღეს ხდება. პუტინმა იცის, ვინ არის მასთან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.