ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რასაც პარტნიორები სთავაზობენ.

„ყველაფერს, გარდა იმისა, რაც ჩვენი კანონმდებლობის წინააღმდეგაა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთს სააღდგომო პერიოდში ცეცხლი არ შეუწყვიტავს, მაშინ როდესაც უკრაინამ ცეცხლის 30-საათიანი შეწყვეტის შესახებ დადებული პირობა შეასრულა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო ცეცხლის შეწყვეტის გზაზე წინსვლისთვის.

„ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის. ეს ჩვენი გადარჩენის საკითხია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ფაქტი, რომ ყველაფრის შემდეგ  უკრაინა კვლავ არის მზად, მოსკოვთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, კომპრომისია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, აშშ იქნება ცეცხლის შეწყვეტის გარანტი და დასძინა, რომ არ სურს „კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის“ ხილვა.