ვოლოდიმირ ზელენსკი - სწორი იქნება, გვქონდეს საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცოდეთ დეტალები, რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს ან ამერიკელებმა რუსებს, შემდეგ გავცემთ პასუხს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სწორი იქნება, გვქონდეს საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცოდეთ დეტალები, რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს ან ამერიკელებმა რუსებს, შემდეგ გავცემთ პასუხს

სწორი იქნება, გვქონდეს საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცოდეთ დეტალები, რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს ან ამერიკელებმა რუსებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალების გაცნობის შემდეგ მისი გუნდი მზად იქნება ტექნიკური საუბრებისთვის.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ყოველთვის უჭერდა და მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას.

„ვფიქრობ, სწორი იქნება, გვქონდეს საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცოდეთ დეტალები, რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს ან რა შესთავაზეს ამერიკელებმა რუსებს. მას შემდეგ, რაც მივიღებთ დეტალებს ამერიკის პრეზიდენტისგან, ამერიკული მხრიდან, ჩვენ გავცემთ პასუხს და გუნდი მზად იქნება ტექნიკური საუბრებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველამ უნდა იმოქმედოს, რომ მდგრადი მშვიდობა იყოს.

„პრეზიდენტ ტრამპს თუ შეუძლია ზეწოლა დეტალებთან, ენერგეტიკასა და ზღვაზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუ ეს პირველი ნაბიჯია, ხოლო ჯერჯერობით სხვა ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, მაშინ გვითხრას დეტალები, როგორ გავაკეთებთ ამას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე, სულ მცირე, ამერიკული და უკრაინული მხარე, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირებისკენ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ასეთ ნაბიჯებს მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი სურვილი იყო, ტრამპს მოესმინა და დაენახა, რა სურს პუტინს.

„ძალიან მინდოდა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მოესმინა და დაენახა, რა სურს პუტინს. პუტინს სურს რამდენიმე შეტევითი მოქმედების განხორციელება ზაპოროჟიეს მიმართულებით, აღმოსავლეთით, ხარკოვისა და სუმის მიმართულებით. რისთვის? იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და შემდეგ წამოაყენოს ულტიმატუმები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.