ვოლოდიმირ ზელენსკი - მესმის, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა არის ტექნიკური სიგნალი, მაგრამ ამას შევადარებდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ოპტიმალური იქნებოდა, ალიანსში მიპატიჟება მიგვეღო
ვოლოდიმირ ზელენსკი - მესმის, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა არის ტექნიკური სიგნალი, მაგრამ ამას შევადარებდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ოპტიმალური იქნებოდა, ალიანსში მიპატიჟება მიგვეღო

უკრაინა არის და ყოველთვის იქნება წვლილის შემტანი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. უსაფრთხოება არის ჩვენი მთავარი ამოცანა ნატო-ს სამიტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტებთან დაკავშირებით პოზიტიური ახალი ამბები აქვს.

„უსაფრთხოება ნამდვილად არის ის, რისი დანაკლისიც არსებობს და ჩვენი თანამშრომლობა ნატო-ში ყველა პარტნიორთან ამ უსაფრთხოების დეფიციტს შეავსებს. უკრაინა არის და ყოველთვის იქნება წვლილის შემტანი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. უსაფრთხოება არის ჩვენი მთავარი ამოცანა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე. ყველა შეხვედრა და კომუნიკაცია სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ რუსეთთან კონფრონტაციის გარეშემო არსებული ვითარება, ვისაუბრეთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და რა შეიძლება, კიდევ გავაკეთოთ ჩვენი ხალხის დასაცავად. ძირითადად ეს ეხება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას უსაფრთხოების სფეროში. გვაქვს პოზიტიური ახალი ამბები სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტების შესახებ, რომლებიც მოდის ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ უკვე გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა და მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ლიდერს, ვინც გამოვიდა ახალი პაკეტების შეთავაზებით. ასევე, განვიხილეთ მოლოდინები, რომლებიც არსებობს ნატო-ს სამიტისგან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა.

„ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ნატო-ს გენერალურ მდივანს. ვიცი, რამდენი დისკუსია, შეხვედრა და მომზადება დასჭირდა ამას. ნატო-სთან ურთიერთავსებადობის მისაღწევად გრძელი გზა გამოვიარეთ. ჩვენი სამხედროები თანამშრომლობენ ნატო-სთან. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლიათ თანამედროვე შეიარაღების გამოყენება და მათ დაამტკიცეს, რომ გლობალური დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე ტერორისტების თავდასხმები. მაშინაც კი, როცა უკრაინა არის სრულმასშტაბიან ომში რუსეთთან, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს. უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რა სამუშაოა შესასრულებელი და ამას ვაკეთებთ.

ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად არ დასჭირდება ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. მსურს, ეს სამიტი იყოს წარმატებული ყველასთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის – და საუბარია გარანტიებზე, რომლებიც იმოქმედებს უკრაინის ნატო-ში მიმავალ გზაზე – დღეს დადასტურდება „დიდი შვიდეულის“ წევრების მიერ. ეს იქნება მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, სამიტის შედეგები პოზიტიურია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, უკრაინას ნატო-ში მიწვევა მიეღო.

„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა ნატო-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური. ჩვენ ჯერ არ ვართ ნატო-ში, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი დაცვაა ის მხარდაჭერა, რომელიც მოდის მსფლიოს საზოგადოების მხრიდან უკრაინისადმი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს განასახიერებს უკრაინას, როგორც ნატო-ს მომავალ სრულუფლებიან წევრს და როგორც უსაფრთხოების გარანტორს, განასახიერებს უკრაინას, რომელიც არის გამარჯვებული ამ ომში თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის. მე მესმის, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა არის ტექნიკური სიგნალი, მაგრამ თუ განვიხილავთ არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხად, ბიუროკრატიად და შევხედავთ, როგორც სერიოზულ ფაქტორს, რომელიც მოქმედებს უკრაინის საზოგადოების მოტივაციაზე, მაშინ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი. მე ამ მომენტს შევადარებდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ სტატუსის მიღება იყო მსგავსი სიგნალი. მაშინაც ვეუბნებოდი პარტნიორებს, კანდიდატობა არ ნიშნავს წევრობას, მაგრამ მას მოაქვს მნიშვნელოვანი მობილიზაცია უკრაინისთვის და წარმოადგენს ძლიერ სიგნალს რუსეთისთვის, რომ უკრაინა არ არის არცერთი ალიანსის წევრი, მაგრამ არსებობს ნება, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. იგივე ეხება ნატო-ში მიწვევას, ეს წარმოადგენს მხოლოდ სიგნალს, თუმცა მე დღეს ვხედავ სხვა მნიშვნელოვან სიგნალს. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე თუ შეთანხმდებიან, ეს იქნება კონკრეტული ფაქტი, რადგან ეს გარანტიები იმოქმედებს ნატო-ს წევრობის გზაზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი“,  – განაცხადა ზელენსკიმ.