ვოლოდიმირ ზელენსკი - საგარეო დაზვერვის სამსახურს დავავალე, უფრო ყურადღებით დააკვირდეს მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობას
უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო დაზვერვის სამსახურს დაავალა, უფრო ყურადღებით ადევნოს თვალი რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა მას შემდეგ, რაც საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ოლეგ ივაშენკოს ანგარიში მოისმინა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ხედავს ჩინეთის სასარგებლოდ რუსეთის ტერიტორიების დესუვერენიზაციის გაძლიერებას. კერძოდ, საუბარია რესურსებით მდიდარი მიწების ჩინეთის მიერ გამოყენებასა და ჩინეთისთვის დეფიციტური რესურსების მიყიდვაზე.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, სპეცსამსახურების ცნობით, ჩინეთი ნაბიჯებს დგამს რუსეთთან თანამშრომლობის გააქტიურებისკენ, კერძოდ, სამხედრო მრეწველობის სფეროში.
„დავავალე საგარეო დაზვერვის სამსახურს, უფრო ყურადღებით დააკვირდეს მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობას უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტში, ასევე ევროპასა და ამერიკაში ჩვენი პარტნიორების ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტში. გლობალური უსაფრთხოება არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ რუსეთის მადა აგრესიის მიმართ არ მცირდება“, – აღნიშნავს ზელენსკი.