ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა, უკრაინის ქალაქების აღსადგენად სამუშაოები დაიწყოს ახლა, ომის დასრულებამდე
ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა, უკრაინის ქალაქების აღსადგენად სამუშაოები დაიწყოს ახლა, ომის დასრულებამდე

უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვადგინოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, ჩვენი ქალაქები და სოფლები, იმის გათვალისწინებით, რომ გვყავს დროებით იძულებით გადაადგილებული პირების დიდი რაოდენობა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის თქმით, საჭიროა, უკრაინის ქალაქების აღსადგენად სამუშაოები დაიწყოს ომის დასრულებამდე.

„საჭიროა, რომ ჩვენი ქალაქების აღსადგენად სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყოს უკვე ახლა, ომის დასრულებამდე მოცდის გარეშე, რადგან ხალხი ცხოვრობს ახლა; ხალხს დღეს სჭირდება ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება.

მადლობელი ვარ სოლიდარობის ფონდის ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა. ეს ფონდი უნდა გახდეს უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის და ომის შემდგომი აღდგენის მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. რთული გამოწვევები საჭიროებს დაუყოვნებლივ ქმედებებს. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი ქმედებები, რადგან მხოლოდ ერთად შეგვიძლია და დავძლევთ ყველაფერს და მივაღწევთ წარმატებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ევროკავშირის მხრიდან წევრობის მხარდაჭერას ელოდება.

„რაც შეეხება ევროკავშირში ჩვენს მომავალ წევრობას, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არის პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის სიძლიერისთვის, რომელიც იცავს ჩვენს მიწას რუსი ოკუპანტებიგან იარაღის გარეშეც. ველოდებით, ყველაფერი გავაკეთეთ, ვუპასუხეთ თითქმის ყველა შეკითხვას, გადავეცით შევსებული კითხვარი ევროკავშირის ელჩს. ასე რომ, ველოდებით შეხვედრას ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე; ვიმედოვნებთ და ველოდებით ევროკავშირის მხრიდან წევრობის მხარდაჭერას, ასევე თქვენს პირად მხარდაჭერას, ძვირფასო შარლ მიშელ“, – მიმართა ზელენსკიმ სტუმარს.