ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, კონსტანტინოს ტასულასს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, კონსტანტინოს ტასულასს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, კონსტანტინოს ტასულასს შეხვდა. ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით.

საბერძნეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას.

„ჩვენი ქვეყანა რუსეთის უსაფუძვლო და უკანონო შეჭრის პირველივე მომენტიდან თქვენს გვერდით დადგა, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა, თქვენს დიდ ძალისხმევასა და ბრძოლაში, რომ დაიცვათ ეროვნული სუვერენიტეტი და თავისუფლება. ჩვენ მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით“, – განაცხადა ტასულასმა.

​თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური და ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის.

„გვიახლოვდება  რთული ზამთარი უკრაინისთვის. უკრაინის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას. დარტყმები ყოველდღიურია, როგორც დრონებით, ასევე რაკეტებით, ამიტომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობას გიხდით ენერგეტიკულ სექტორში გაწეული მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს, რათა ზამთრის საჭიროებებს გაუმკლავდეს.