ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული დარტყმების მუდმივი ხასიათი მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვი უგულებელყოფს დიპლომატიურ ძალისხმევას, არ სურს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის უზრუნველყოფაც კი
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული დარტყმების მუდმივი ხასიათი მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვი უგულებელყოფს დიპლომატიურ ძალისხმევას, არ სურს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის უზრუნველყოფაც კი

რუსული დარტყმების სისტემატური და მუდმივი ხასიათი ნათლად მეტყველებს, რომ მოსკოვი უგულებელყოფს პარტნიორების დიპლომატიურ ძალისხმევას, პუტინს არ სურს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის უზრუნველყოფაც კი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებას აგრძელებდა, სულ გამოიყენა 74 უპილოტო საფრენი აპარატი, საიდანაც 54 იყო „შაჰედი“. მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა ხარკოვზე, ოდესაზე, სუმიზე, მათ შორის ენერგეტიკის ობიექტებზე, რის გამოც სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ოთხი ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსეთი განაგრძობს დარტყმებს საავიაციო ბომბების გამოყენებითაც. მისი ინფორმაციით, მხოლოდ სუმის ოლქის წინააღმდეგ რუსეთის ძალებმა ბოლო ერთ დღეში 50-მდე მართვადი ავიაბომბი გამოიყენეს.

„რუსული დარტყმების ასეთი სისტემატური და მუდმივი ხასიათი ნათლად მეტყველებს, რომ მოსკოვი უგულებელყოფს პარტნიორების დიპლომატიურ ძალისხმევას. პუტინს არ სურს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის უზრუნველყოფაც კი. რუსეთზე ახალი და საგრძნობი ზეწოლაა საჭირო, რათა ეს ომი დასრულების გზაზე დადგეს. 11 აპრილს გახდება ერთი თვე ამერიკულ შეთავაზებაზე რუსული უარის შემდეგ, ამას არ უნდა ველოდოთ, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოქმედება. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა ჩვენს პარტნიორთან ამერიკაში, ევროპასა და მსოფლიოში მაქსიმალურად კონსტრუქციულად, რათა მივაღწიოთ ძალიან საჭირო შედეგს – ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.