ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს სურს, თავისუფლად ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, გამოიყენოს ძალა მაშინ, როცა მოესურვება, პუტინს უნდა, მომავალ თაობებს ფაშისტური შეხედულებები გადასცეს

23:58, 11.11.2026

გმადლობთ, რომ გვაძლევთ რწმენას, დანია ნებიმსიერ დროს ჩვენს გვერდით დგას, ნამდვილად სურს საუკეთესო უკრაინისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებულია შეგრძნება, როდესაც იცი, ვიღაცას გულწრფელად სურს შენი კეთილდღეობა.

„ამას ყოველელთვის ვგრძნობ, როდესაც მეტე ფდერერიქსენს და დანიელებს ვესაუბრები. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვგრძნობ – თქვენი განზრახვები გულწრფელად კეთილია. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ ასეთები ხართ. ასევე იმიტომ, რომ გესმით ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ბრძნული პრინციპი – სხვებს ისე მოექეცი, როგორც თავად გსურს, რომ მოგექცნენ. ეს თქვენი დანიური სულის ნაწილია, რასაც თქვენ samfundssind-ს უწოდებთ. ეს არის რწმენა, რომ პასუხისმგებლები ვართ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. დღევანდელ მსოფლიოში სხვებისადმი ასეთი დამოკიდებულება მართლაც ფასდაუდებელია. გმადლობთ ამისთვის, გმადლობთ, რომ ხართ დანია, ქვეყანა, რომელიც გულითა და თავდაჯერებულობით მოქმედებს და რომელსაც ჩვენ, უკრაინაში, ისევე როგორც მთელი ევროპის მასშტაბით, ყოველთვის შეგვიძლია, დავეყრდნოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანის გარშემო მიმდინარე დაძაბულობა და აშშ-ის შესაძლო სამხედრო მოქმედებები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით არ შემოიფარგლება და გავლენას სხვა ქვეყნებზეც ახდენს.

მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის რაკეტების გაგზავნა უკრაინაში საჭირო შეიარაღების დეფიციტს კიდევ უფრო ამწვავებს.

„ახლა, როდესაც კვლავ გვიწევს ფიქრი იმაზე, დაბომბავს თუ არა შეერთებული შტატები ირანს კიდევ ერთხელ და რამდენი ქვეყანა და რამდენი ადამიანი შეიძლება, დაზარალდეს, ჩვენ მხოლოდ იმას არ ველოდებით, რა მოხდება ამ რეგიონში. ჩვენ ველოდებით, რა დაემართება ჩვენს საკუთარ საზოგადოებებს – ფასების მკვეთრი ზრდისა და ჩვენი თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღების დეფიციტის გამო. ამ დეფიციტს უკვე ვგრძნობთ. როდესაც ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების რუსული ბალისტიკური თავდასხმებისგან დასაცავად „პეტრიოტების“ რაკეტებს ვეძებთ, კვლავ და კვლავ ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით, რომ რაკეტები ახლო აღმოსავლეთში იგზავნება. ჩვენ კი რას ვიღებთ? „პეტრიოტის“ ცარიელ სისტემებს და რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა ჩამოგდების საშუალებაც, უმეტეს შემთხვევაში, არ გვაქვს. ჩვენს სამყაროში არაფერი რჩება მხოლოდ ლოკალურ პრობლემად, განსაკუთრებით ომები და უსამართლობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვს ერთი ათწლეულიც კი არ გაუვლია, სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ომი არ დაეწყო ან სამხედრო ძალა არ გამოეყენებინა.

„კვლავ გვესმის, რომ რუსეთს, თითქოს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში რუსეთს არავინ დასხმია თავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვს ერთი ათწლეულიც კი არ გაუვლია, სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ომი არ დაეწყო ან სამხედრო ძალა არ გამოეყენებინა. ამიტომ, როდესაც რუსები ახლა საკუთარ უსაფრთხოების არქიტექტურაზე ან რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობენ, ისინი, სავარაუდოდ, რეალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას არ გულისხმობენ. სინამდვილეში მათ სურთ, თავისუფლად ჩაერიონ სხვა ქვეყნების საქმეებში, გამოიყენონ ძალა მაშინ, როცა მოესურვებათ და უზრუნველყონ, რომ ვერავინ შეძლოს რუსეთში თავისუფლების მხარდაჭერა. პუტინს სურს, საკუთარი ძალაუფლება სამუდამოდ შეინარჩუნოს და მომავალ თაობებს თავისი იმპერიალისტური და მრავალი თვალსაზრისით ფაშისტური შეხედულებები გადასცეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი