ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ტერორს აგრძელებს, ჩვენთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ტერორს აგრძელებს, ჩვენთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში

რუსეთისთვის არაფერი შეცვლილა, ის აგრძელებს უკრაინის ტერორს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ კრივი რიჰზე თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა.

„დრონების ტალღამ, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უმიზნებდა, კრივი რიჰი დაბომბა. დაფიქსირდა რაკეტებიც. რეალურად, ამ კვირების განმავლობაში არცერთი ღამე არ გასულა რუსეთის მიერ უკრაინაზე დარტყმების გარეშე. სამიზნეების უმეტესობა ინფრასტრუქტურაა. სისტემური ტერორი ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ. ამიტომ უკრაინისთვის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია, გაგვაძლიეროს, ომის დასასრულს აახლოებს. უსაფრთხოება გარანტირებულია, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინული მედია წერს, გვიან ღამით რუსულმა ჯარებმა კრივი რიჰზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყეს. ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა ათზე მეტი აფეთქების შესახებ განაცხადა.