ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თავის არმიას 100 ათასი სამხედოთი ზრდის, ვლადიმერ პუტინი საერთოდ არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის, ის ომის გასაგრძელებლად ემზადება
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თავის არმიას 100 ათასი სამხედოთი ზრდის, ვლადიმერ პუტინი საერთოდ არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის, ის ომის გასაგრძელებლად ემზადება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი თავის არმიას 100 ათასი სამხედროთი ზრდის. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი საერთოდ არ ემზადება მოლაპარაკებებისა და მშვიდობისთვის, არამედ ომის გასაგრძელებლად ემზადება.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისუაბრა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში.

„ჩვენ ვაფასებთ, რომ ნატო-ს სამხდრო კომიტეტის ახალი ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი სწორედ ჩვენს სახელმწიფოში შედგა უკრაინელების მხარდასაჭერად. ჩვენ განვიხილეთ „რამშტაინისთვის“ მზადება და ჩვენი საერთო თავდაცვის საჭიროებები. ახლა ჩვენ ვიცით, ჩვენი დაზვერვა გვაცნობებს, რომ რუსები ქმნიან ახალ დივიზიებს, ავითარებენ ახალ სამხედრო წარმოებას. აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კორეასთანაც მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. სამწუხაროდ, მოსკოვი ომის თანამედროვე ტექნოლოგიებს ავრცელებს იმ რეგიონშიც, კერძოდ, დრონების ტექნოლოგიებს. ეს მარტივ რამეს ნიშნავს: პუტინი სულაც არ ემზადება მოლაპარაკებებისა და მშვიდობისთვის, არამედ ემზადება ომის გასაგრძელებლად და არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ახლა თავიანთ არმიას 100 ათასზე მეტი სამხედროთი ზრდიან. ყველა პარტნიორმა უნდა იცოდეს ამის შესახებ და უნდა დაინახოს ეს. მზად ვართ, შესაბამისი ინფორმაცია გადავცეთ და დაზვერვის ხაზით შესაბამისი კომუნიკაცია უკვე მიმდინარეობს“, -განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა მკაფიოდ უნდა დაინახონ საფრთხეები და მათი საწინააღმდეგო ინსტრუმენტები.

„საჭიროა მკაფიოდ გაცნობიერება: აქ, ევროპაში, თითოეულ ქვეყანაში საჭირო იქნება თავდაცვის გაძლიერება და თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-იანი მიზანი არ გაქრება დღის წესრიგიდან“, – თქვა ზელენსკიმ.